• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

მცხეთობა-სვეტიცხოვლობ

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის ქრისტიანული დღესასწაული, 14 ოქტომბერს იმართება საქართველოში, მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში. ეს გახლავთ დღესასწაული „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ეს დღე საქართველოს პირველი ქრისტიანი დედოფლის ნანას სახელობის დღეა. ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა სიდონია კვართითურთ დაკრძალა. მის საფლავზე მშვენიერი ხე ამოსულა. ეს ხე ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან შვიდი სვეტი დაუმზადებიათ, მხოლოდ ერთი სვეტი ვერ აღუმართავთ - „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი." იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. სწორედ აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში სუფრას შლიდნენ და პურობა იმართებოდა.